воскресенье, 30 декабря 2012 г.

წელწადი

წელწადია – აპნისის თოთხმეტი.
თოვს...
ბუხარში ნედლი რცხილის ხე იწვის –
მისი ბოლით ჩვენი სახლი ზეცაშია დაკიდებული.
დაბერდა ჩემი ბერდედა –
ბედისკვერებს ვეღარ აცხობს და წუხს.
დედაჩემმა არ იცის ბედისკვერის გამოცხობა
და არც ბერდედასავით ლოცვა იცის.
მე სიცხიანი ვწევარ.
ძმრიან ტილოებს ჩემი უმცროსი და მალი–მალ მიცვლის.
მამაჩემის მნახველი კაცი ჯერ არ გამოჩნდა –
ჩაიხაფრა კავკავის იქით.
კიდობანში ხორბალი,  კოდში კი ფქვილი ილევა...
ძროხები და ხბოები ბღავიან – თივის დამყრელი აღარ ჰყავთ,
რადგან პაპაჩემი გორშეღმა სასაფლაოზეა.
მე სახადი მაქვს და მეზობლები ვერ გვეკარებიან,
მხოლოდ აბაისძეთა აშექალი გადმოდის ჟამი–ჟამს.
ძილ–ღვიძილში ვხედავ სახლში მამაჩემი და პაპაჩემი  შემოდიან.
მამაჩემს ხელში ძროხის მთლიანი ბარკალი უჭირავს, მოდის და სისხლს მოაწვეთებს, პაპაჩემს სპილენძის თეფშით კანფეტები მოაქვს.
პაპაჩემი მეუბნება, „რა დაღლილი ხარ შვილო,
რამდენი გივლია–გირბენია. მოდი კანფეტი მოგცეო“.
მე ტკბილ კანფეტს ვჭამ და ვიცინი.
მამაჩემი მთელ ოთახში დააბიჯებს
და თან ძროხის ამ ბარკალს ხელიდან არ უშვებს –
გასდის ამ ბარკალს სისხლი.
შორიდან მესმის დედაჩემის კივილი და ბერდედას ლოცვა.
პაპაჩემი კანფეტიან თეფშს მაგიდაზე დგამს და გარეთ გადის,
მამაჩემი ძროხის ბარკლით პაპაჩემს უკან მიჰყვება.
მე საწოლიდან ფეხშიშველა გადავდივარ და მათ მივდევ.
ვტირი, „მეც მინდა თქვენთან–მეთქი“
„წადი, მამცილდი, გამეცა“, ბრაზობს პაპაჩემი.
ტირილ–ტირილით ვბრუნდები სახლში.
მოვდივარ ფეხშიშველა, ფეხები მისველდება და მცივა.
საწოლში ვწვები, მამცივნებს და ვკანკალებ.
მაგიდაზე პაპას დადებული სპილენძის თეფშით კანფეტი დგას.
კანფეტი მინდა–მეთქი, ჩურჩულით ვამბობ.
დედაჩემი ერთ კანფეტს მიწვდის.
მე ვჭამ და ვამბობ: „ტკბილია პაპის კანფეტი–მეთქი.“
„რა პაპა, აშექალი იყო გადმოსული და იმან მოიტანა,
ქალაქიდან მოუტანია მის შვილიშვილსო,“ მეუბნება დედაჩემი.
ჩემი და შეშინებული თვალებით მიყურებს.
კედელზე პაპაჩემის ცხრაძალიანი ფანდური ჰკიდია.
"დაუკარი–მეთქი", ვეუბნები დედაჩემს.
დედაჩემი კედლიდან ფანდურს იღებს და საბანზე მიდებს, „შენ დაუკარიო“.
საწოლზე ვჯდები და დაკვრას ვიწყებ.
„ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო მადლი შენდა,
ღმერთო, უშველი შენს ყმასა გაგასაო“, ლოცულობს ბერდედა.

* * * * * * * * *
კუმეტია – აპნისის თხუთმეტი.
აღარ თოვს...
მე საქონელს თივას ვუყრი, შეშას ვჭრი,
ვჩქარობ, რადგან მერე ხორბალი წისქვილშია წასაღები.
გორშეღმიდან პაპაჩემის დაკრული ცხრაძალიანი ფანდურის ხმა მოდის...

Комментариев нет:

Отправить комментарий